დღეს, “სან ანტონიო სპურსის” დაარსებიდან 50 წელი შესრულდა. კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ეს იუბილე ორიგინალურად აღენიშნათ და “გოლდენ სტეიტთან” გასამართი რეგულარული სეზონის მატჩი “სპურსის” ძველ, ისტორიულ “ალამოდომზე” ჩანიშნეს.
“სან ანტონიოს” ერთგულმა გულშემატკივრებმა ყველა ბილეთი იყიდეს და NBA-ს ახალი რეკორდიც “გამოცხვა” – სპურსი VS ვორიიორზის მატჩს 68 623 მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე იოლი გამარჯვებით დასრულდა 144-113, თუმცა ამ ამბავმა ის მუხტი ვერ გააფერმკრთალა, რომელიც დარბაზში მოსულ “სან ანტონიოს” გულშემატკივრებს გააჩნდათ.
NBA-ს მატჩზე მაყურებელთა დასწრების წინა რეკორდმა თითქმის 25 წელს “გაძლო” – “ჯორჯია დოუმში”, 1998 წლის 27 მარტს, 62 046 გულშემატკივარმა მიადევნა თვალი თუ როგორ ეთამაშებოდა მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგო” მასპინძელ “ატლანტა ჰოუქსს”.
ლიგის ისტორიაში მხოლოდ 4 ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც NBA-ს კონკრეტულ მატჩს 50 000 მაყურებელზე მეტი დაესწრო.
P.S. 2010 წლის NBA-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩი” ღია სივრცეში – ამერიკული ფეხბურთის გუნდ “დალას კავბოიზის” საშინაო არენაზე ჩატარდა, რომელსაც 108 713 გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა ეს ფაქტი რათქმაუნდა ზემოთ ნახსენებ რეკორდთან მიმართებაში არაფერ შუაშია.