Sixth Man-ის ბლოგი – შუაში გაჭედილები

Sixth Man-ის ბლოგი

Purgatory – რომაული კათოლიკური დოქტრინის მიხედვით სულები ამ ადგილას ძველ ცოდვებს ინანიებდნენ, სანამ სამოთხეში მოხვდებოდნენ. საუკუნეების მანძილზე მას, როგორც, ნამდვილ, ფიზიკურ სამყაროში რეალურად არსებულ ადგილს, ისე მოიხსენიებდნენ.
არსებობს გამოთქმა Stuck in Purgatory, რაც გულისხმობს მდგომარეობას, როცა დასახული მიზნისკენ სწრაფვას ფიზიკურად ვეღარ აგრძელებ და სადღაც შუაში ხარ გაჭედილი.
ჩემი აზრით, NBA-ში გუნდებისთვის მთავარ მიზანს ან ჩემპიონობა უნდა წარმოადგენდეს, ან Draft-ზე რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დატოვება. სადღაც შუაში მყოფი გუნდები კი ან ერთისკენ უნდა დგამდნენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ან – მეორისკენ.
მოკლედ, ჩემი პროლოგის მთავარი სათქმელი ისაა, რომ გამუდმებით შუაში ყოფნას სარგებელი არ მოაქვს.

ორი გუნდი, რომელიც წლებია, არც ერთი პოლუსისკენ არ მიიწევს, გახლავთ პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი და ვაშინგტონ უიზარდსი. საკმაოდ ბევრი რამ აერთიანებთ კლუბებს.
ერთი შეხედვით, მათი მთავარი ვარსკვლავები ერთგულებად ითვლებიან. ისინი დეკადებია, ან Playoff-ის გარეთ რჩებიან, ან აქ წარუმატებლად ასრულებენ. ისტორიულად ამ გუნდების ხელმძღვანელობები მაინც და მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილებებით არ გამოირჩევიან და, რაც მთავარია, ჯიუტად აგრძელებენ შეცდომების დაშვებას და პროცესს, რომელსაც, როგორც აღვნიშნე, მიმართულება უბრალოდ არ გააჩნია…

მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალი სახელფასო შეთანხმების გამო, ბრედლი ბილი 251 მილიონ დოლარს, ხოლო, დემიენ ლილარდი 270-ს მიიღებს. ბილის შემთხვევაში ტრეიდის ვეტოს უფლებაც კი დევს კონტრაქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს მაშინ, როცა, წესით, გუნდი უნდა წყვეტდეს.

ვფიქრობ, თუ შენს სუპერვარსკვლავებს, რომლებიც რეალურად ან არიან სუპერსტარები ან – არა და რომელთაც ამხელა კონტრაქტებს აძლევ, საბოლოო რეზულტატი აუცილებლად ჩემპიონობა უნდა დაგიდონ, ან კაპიტალისგან მაქსიმალური მოგება უნდა მოგიტანონ ტრეიდით.
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე მათგანის სახელფასო შეთანხმების ბოლომდ, ერთ-ერთი გუნდი მაინც წარმატებულ ფლეიოფს ჩაატარებს, არა თუ ჩემპიონობას მოიპოვებს, თუმცა, ეს ნაკლებ აზრს ატარებს. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად არიან ეს კალათბურთელები თავიანთი საჩემპიონო გუნდებისთვის საუკეთესო მოთამაშეები. შეიძლება, იყვნენ კიდეც, მაგრამ პრეტენდენტი გუნდის შეკვრის რესურსი ამ კონტრაქტებით არც ერთ მათგანს არ გააჩნია. არც ერთს ჰყავს ახალგაზრდა ვარკლავი, რომლის პოტენციალის გამოც შეიძლება, უღირდეთ რამდენიმე პირველი რაუნდის პიკის გაცვლა, როგორც ეს მინესოტა თიმბერვულვსმა გააკეთა და არც მოთამაშეებში აქვთ იმხელა რესურსი, რომ მათი განვითარებით მიიღონ გოლდენ სტეიტ უორიორსი, ან ბოსტონ სელტიქსი.
შესაბამისად, ჩემი აზრით, მივიღეთ ის მდგომარეობა, როცა წინ ვეღარ წახვალ, ხოლო უკანაც არ მიდიხარ მაშინ, როცა ეს უკანსვლა აუცილებელია, რათა უფრო შორს წახვიდე მომავალში, ვიდრე აქამდე ყოფილხარ.

მჯერა, რომ თითეულმა გუნდმა ტალანტის მაქსიმიზაციაზე უნდა იზრუნოს. შენ თუ ხარ მილუოუკი ბაქსი და გყავს იანის ანტეტოკოუნმპო, საჭიროა, მაქსიმუმი გააკეთო, რათა მას კარიერის პრაიმის უდიდეს ნაწილში საჩემპიონო გუნდი ჰყავდეს. შენ თუ ხარ, დენვერ ნაგეთსი, აუცილებელია, ნიკოლა იოკიჩს კარიერის უდიდეს ნაწილში საჩემპიონო გუნდი შეუქმნა.
ორივე მათგანი თამაშობს პატარა მარკეტის გუნდში (Small Market), სადაც სხვადასხვა რესურსებს საკმაოდ ფრთხილად უყურებენ, მაგრამ როცა MVP-ს დადრაფტავ, საკმარისი საფუძველი გაქვს, რომ მთელი შენი რესურსი ამ კალათბურთელის პრაიმში ჩადო. მაგრამ როცა ხარ პორტლენდი, ან ვაშინგტონი, სადაც თავისუფალი აგენტები არ მიდიან და წლებია ერთ ადგილში ხარ გაჭედილი, ჩემი აზრით, აუცილებელია, რეორგანიზაცია დაიწყო და ეს ვარსკლავები გაცვალო იქამდე, სანამ უმაღლესი ფასი აქვთ.

დარწმუნებული ვარ, ვერც ბლეიზერსი და ვერც უიზარდსი ვერასდროს მიიღებენ იმხელა სარგებელს ლილარდის და ბილის გუნდში ყოლით, რამხელასაც მათი გაცვლით მოახერხებდნენ. ბილზე ეს ყველაფერი დაგვიანებული მგონია უკვე, რადგან ამხელა კონტრაქტით ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს უღირდეს მასში რაიმეს გადახდა (სუპერვარსკვლავია, მაგრამ ამდენად ბრწყინვალეც – არა). რაც შეეხება ლილარდს, აქაც ვფიქრობ, რომ დღესვე მისი გაცვლით ვერ მიიღებ იმას, რასაც თუნდაც შარშანდელ ზაფხულში მიიღებდი. ნაკლებად მჯერა, რომ არსებობენ გუნდები, რომლებიც სერიოზულ რესურს ჩადებენ კალათბურთელში, რომელმაც 37 წლის ასაკში 62 მილიონი უნდა მიიღოს. შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, როცა ორივე გუნდს ჰყავს საშუალო დონის შემადგენლობა ვარკლავებით, რომლებსაც ხანგრძლივი კონტრაქტები აქვთ. ამ შემადგენლობის გაძლიერების საშუალებები თითქმის არ არსებობს და თუ არსებობს, შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ გაუმართლებელი რისკი იქნება იმ რესურსის დახარჯვა.

მოკლედ, ვფიქრობ, ორივე გუნდმა ხელიდან გაუშვა ის მომენტი, როცა საკუთარი ვარკლავებისგან მაქსიმალური შედეგის მიღება შეეძლო, მაგრამ ამ სარგებლის დასაკუთრების შანსი (თუმცა – მცირე) ახლაც არსებობს.
საქმე ისაა, რომ ორივე ჯიუტად ცდილობს, არ არსებული საჩემპიონო ფანჯარა გამოიყენოს და გარკვეულ შედეგს მიაღწიოს.
საბოლოოდ, სამწუხაროდ მჯერა, რომ ბლეიზერსიც და უიზარდსიც მიიწევენ მიზნისკენ, საიდანაც საკრამენტო კინგსი დეკაგებია, თავის დაღწევას ცდილობს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *