Super Bowl 2022 – ყველაზე ყურებადი შოუ ბოლო 5 წლის განმავლობაში

NFL-ის რიგით 56-ე სუპერ ბოული ლოს ანჯელესში, „სოფაი სთედიუმზე“ გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს „ლოს ანჯელეს რემსი“ და „ცინცინატი ბენგალსი“ დაუპირისპირდნენ და მატჩი „რემსის“ გამარჯვებით დასრულდა 23:20. NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ პლატფორმებზე შოუს ჯამში 112.3 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, წინა წლის შედეგს 14 %- ით აღემატება, საერთო ჯამში კი მიმდინარე წლის სუპერ ბოულს ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე ყურებად სატელევიზიო მოვლენად აქცევს.

თავად შეხვედრა საოცრად დაძაბული იყო, გარდა ამისა შესვენებაზე პეპსის სპონსორობით გულშემატკივარმა ნამდვილი საოცრება იხილა. მეორე ტაიმის დაწყებამდე მაყურებლების წინაშე ემინემი, სნუპ დოგი, 50 Cent, დოქტორ დრე, მერი ჯეი ბლაიჯი და კენდრიკ ლამარი წარდგნენ და სტადიონსა თუ ტელევიზორებთან მოკალათებულ გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

სუპერ ბოულის MVP „რემსის“ უაიდ რისივერი, კუპერ კაპი გახდა. ამ უკანასკნელმა 2 თაჩდაუნი მიითვალა, საკუთარ გუნდს 92 იარდი მოუტანა და ყველა გარდამტეხ მომენტში გუნდს ლიდერად მოევლინა. შეხვედრის პოპულარობა და ყურებადობა შოუსთან ერთად, გამორჩეულად კარგმა თამაშმაც განაპირობა.

 

ზუსტი ციფრები ჯერ არ სახელდება, თუმცა NFL ამბობს რომ ღონისძიება ყველაზე მაღალ შემოსავლიანი იყო, დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობის შემოსავლები, რაც განპირობებული იყო წლევანდელ ღონისძიებაზე სპონსორების რაოდენობის ზრდით. წინა გათამაშებასთან შედარებით წლევანდელ სუპერ ბოულს 18-ით მეტი სპონსორი ყავდა, ასევე საგულისხმოა აზარტული თამაშების კომპანიების წილი, როგორც ცნობილია აქამდე ფინალზე ფსონების განთავსება ზოგ შტატში აკრძალული იყო, წელს კი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, საერთო ჯამში აზარტული თამაშების კომპანიების მარკეტინგულმა ხარჯებმა და სასპონსორო ხელშეკრულებებმა დაახლოებით 7.8 მილიონი დოლარი დააფიქსირა.

Leave a comment

Your email address will not be published.