ისტორიაში მეექვსე სატიტული სასპონსორო და რეკორდული გარიგება, „წითელი ეშმაკების“ სათამაშო მაისურს ახალი სეზონიდან TEAMVIEWER დაამშვენებს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თანამშროლობა 2026 წლამდე გაგრძელდება. რამდენიმე პოტენციური ახალი სპონსორისა და დიდი კონკურენციის მიუხედავად, გერმანულმა კომპანიამ ინგლისელებს ყველაზე ხელსაყრელი და საინტერესო სასპონსორო წინადადებით მიმართა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები კი კონტრაქტის გაფორმებითა და ოფიციალური პრეზენტაციით დასრულდა.
„მოხარულები ვართ, ვინაიდან ჩვენი ახალი სპონსორი ამბიციური და მუდამ განვითარების გზაზე მდგომი კომპანიაა, ჩვენ გვსურს გულშემატკივარს ერთად ბევრი ინოვაცია და სიახლე შევთავაზოთ“, – ამბობს მანჩესტერ იუნაიტედის დირექტორი, რიჩარდ არნოლდი.
ინგლისური კლუბის თქმით, სპონსორობისა და მაისურზე ლოგოს განთავსების გარდა, რომელიც ყველა სათამაშო და სავარჯიშო ამუნიციაზე იქნება განთავსებული, კლუბი თანამშრომლობის ფარგლებში, ციფრული სიახლეების დანერგვასაც შეეცდება. როგორც სკაუტების მიმართულებით, ასევე ხელოვნური ინტელექტის ხაზით.
„ისტორიული დღეა, უდიდესი კლუბისა და ოჯახის წევრები გავხდით. გვინდა, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ. კლუბს ფანების უდიდესი არმია ჰყავს, გვსურს, მათთან ერთად ახალი ისტორია შევქმნათ“, – განაცხადა TEAMVIEWER-ის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ შტილმა.