პარიზში The Best- ის დაჯილდოვება გაიმართა. ლუკა ლოჩოშვილი აღიარეს და ამაზე ცალკე გვიწერია… ახლა კი სხვა ყველა მნიშვნელოვან ამბავზე.
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ლეო მესი! მეორედ ისტორიაში. არგენტინელმა გაუსწრო მბაპესა და ბენზემას…
2016 – რონალდუ , 2017 – რონალდუ, 2018 – მოდრიჩი, 2019 – მესი, 2020 – ლევანდოვსკი, 2021 – ლევანდოვსკი. დიახ, ასე მოხდა, რომ ლევანდოვსკის ოქროს ბურთი არ აქვს, თორემ ეს პრიზი ორჯერ ზედიზედ მოიგო. და აი ახლა ისევ მესი.
პუშკაშის პრიზი. საუკეთესო გოლის ავტორი – მარცინ ოლექსი (პოლონეთი). ამ გოლს მგონი აღწერა არც სჭირდება… ამპუტანტმა ფეხბურთელმა მაკრატელა გაიტანა.
ადრე მარცინს 150-კილოგრანიანმა გზის სატკეპნმა მანქანამ (ჩვენთან კატოკს რომ ეძახიან) გადაუარა. სავაადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გონება დაკარგა და მხოლოდ ოპერაციის მერე გაიგო, რაც მოხდა: ფეხის ამპუტაცია.
მასზე 11 თებერვალს ცალკე გვეწერა და ვივარაუდეთ კიდეც, რომ დიდი შანსი იყო, წლის საუკეთესო გოლის პრიზი მოეგო.
ვ ი დ ე ო
https://www.fifa.com/fifaplus/en/articles/three-puskas-award-finalists-revealed-oleksy-payet-richarlison
საუკეთესო მწვრთნელი – ლიონელ სკალონი… მისი გაწვრთნილი არგენტინის ნაკრები ხომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამეულში იყვნენ ასევე ანჩელოტი და გვარდიოლა.
საუკეთესო მეკარე – ასევე არგენტინელი ემილიანო მარტინესი. ყველაფერი გასაგებია, ჯერ მარტო ის საოცარი მოგერიება მუნდიალის ფინალის 120-ე წუთზე… პლუს ორი მოგებული პენალტების სერია (ნიდერლანდებთან და ფინალში ფრანგებთანაც).
მარტინესმა დაჯილდოვებისას ცრემლები ვერ შეიკავა. მან კურტუასა და ბონოს აჯობა…
და კიდევ, წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნეს: კურტუა – კანსელუ, ვან დეიკი, ჰაკიმი – კაზემირო, დე ბრუინი, მოდრიჩი – მესი, მბაპე, ჰოლანდი, ბენზემა.