TikTok ინგლისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ყველაზე სწრაფად მზარდი გასართობი აპლიკაცია საფეხბურთო სივრცეს უფრო აქტიურად იპყრობს. ვიდეოპლატფორმის მფლობელმა კომპანიამ სასპონსორო ხელშეკრულება ინგლისის ქვედა ლიგის ბინადარ „ვრექსემთან“ გააფორმა და მისი მაისურის წინა ხედს მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაამშვენებს.

კლუბი ჰოლივუდის მსახიობებმა გასულ წელს შეისყიდეს, მათი მიზანი კი მომდევნო წლების განმავლობაში ზედა ლიგებში აღზევება, საბოლოოდ კი, პრემიერლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი სასპონსორო კონტრაქტის სანაცვლოდ, ტიკტოკიდან 4 მილიონ გირვანქას მიიღებს.

„ძალიან გახარებულები ვართ, ტიკ-ტოკი საინტერესო პლატფორმაა, ის ჩვენს ფანებში ძალიან პოპულარულია. გვჯერა, რომ ახალ სპონსორთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ, ასევე იმედი გვაქვს, ჩვენი სოციალური მედიის კონტენტი უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება“, – ამბობს კლუბის მარკეტინგის დირექტორი, ჯეიმს ბოუნსი.

კლუბმა სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საკუთარი ტიკ-ტოკის ოფიციალური გვერდიც წარადგინა, მარკეტინგის გუნდს ტიკ-ტოკის კონტენტის წარმოებისთვის 5 ადამიანი დაემატა. კლუბი ამ მიმართულებით აქტიურობას გეგმავს, მათი მიზანი ამ სივრცეშიც ლიდერის სტატუსის მოპოვება იქნება.

„გვიხარია მორიგი საინტერესო პარტნიორის გამოჩენა, ეს ისტორიული კლუბია, ინგლისური ფეხბურთი საინტერესო სივრცეა, აქ უამრავი ფანი და დიდი შესაძლებლობებია. გვინდა, რომ საინტერესო სიახლეებით გულშემატკივრებიც გავახაროთ“, – ამბობს ტიკ-ტოკის რეგიონალური მენეჯერი, ბილ სერნერი.

გუნდმა ახალი სათამაშო ფორმები უკვე წარადგინა, ფან-მაღაზიებში კი გაყიდვების ზრდა პირველივე დღიდან დაფიქსირდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *