UFC – 2021 წლის შეჯამება

გასული 2021 წელი, MMA-ს საუკეთესო პრომოუტერული ორგანიზაციისთვის, UFC-სთვის მართლაც გამორჩეული და ისტორიული იყო. თითქმის ყველა ივენთი განსაკუთრებულ სანახაობასა და საოცრად საინტერესო ბრძოლებს გვთავაზობდა. ახალი რეკორდები, ახალი ჩემპიონები, სენსაციები, სკანდალები ულამაზესი ნოკაუტები და ქართული დომინაცია – ასეთი იყო 2021 წელი UFC-ში.

მივყვეთ ქრონოლოგიურად. 2021 წელი გახსნა მაქს ჰოლოვეისა და კელვინ კატარის დაპირისპირებამ, რომელშიც მაქსმა რეკორდული 445 მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენა კატარს – აქედან 141 ერთ რაუნდში. ჰოლოვეის ეს პერფორმანსი, ალბათ, სტრაიკინგის მაღალი დონის საუკეთესო გამოვლინება იყო ისტორიაში. კატარს ამ მარცხის შემდეგ არ უბრძოლია, იგი 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 14 იანვარს, გიგა ჭიკაძეს დაუპირისპირდება.

წლის მეორე ივენთის მეინ ქარდზე ორი მნიშნველოვანი ბრძოლა ვიხილეთ. ბელატორის ყოფილი ჩემპიონი, მაიკლ ჩენდლერი ხმამაღალი განცხადებით გადმობარგდა UFC-ში – მან დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა. მთავარ ბრძოლაში კი კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს რემატჩი გაიმართა, პირველი დაპირისპირებიდან 7 წლის შემდეგ. რემატჩში კონორი კარიერაში პირველად, ნოკაუტით დამარცხდა.

მარტში გამართული UFC 259-ზე 3 სატიტულო ორთაბრძოლა ვიხილეთ. ალჯამეინ სტერლინგსა და პიოტრ იანს შორის გამართული დაპირისპირება უჩვეულო გადაწყვეტილებით დასრულდა – იანის მიერ პარტერში დარტმყმული მუხლის გამო, ქამარი ალჯამეინ სტერლინგს გადაეცა. ლოგიკური რემატჩი, რომელიც მათ შორის წელს უნდა გამართულიყო, ალჯოს ტრავმების გამო გადაიდო. კო-მეინ ივენთზე იმ დროისთვის ჩემპიონმა ნუნეშმა მეგან ანდერსონი მახჩობელა ილეთით დაამარცხა. რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ისრაელ ადესანიას ქვემძიმე წონაში ასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა – იან ბლახოვიჩმა ადესანიას კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

მძიმე წონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა UFC 260-ზე – ფრენსის ნგანუმ სტიპე მიოჩიჩი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის ქამარს დაეუფლა. ქამრის პირველი დაცვა ნგანუს 2022 წელს, სირილ განის წინააღმდეგ ექნება.

ასევე 3 სატიტულო ორთაბრძოლა ვიხილეთ UFC 261-ზეც. ვალენტინა შევჩენკომ ჯესიკა ანდრადე დაამარცხა და ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. ჟეილი ვენმა კი ვერ მოახერხა ტიტულის დაცვა როუს ნამაიუნასის წინააღმდეგ – როუსმა იგი პირველ რაუნდში, ფეხის დარტყმის შედეგად დაანოკაუტა და გახდა პირველი ქალი, რომელიც ჩემპიონი ხელახლა გახდა. ივენთს მთავარ ბრძოლაში კი კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი მეორედ დაამარცხა – ამჯერად არა გადაწყვეტილებით, არამედ ბრუტალური ნოკაუტით.

ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო აღდგომის ღამეს გამართული ივენთი, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა და გიგა ჭიკაძემ იასპარეზეს. მერაბმა კოდი სტამანი სრული დომინაციით დაამარცხა, ხოლო გიგა ჭიკაძემ ბრძოლის პირველივე წუთზე გასროლილი GigaKick-ით ლეგენდარული კაბ სვანსონი დაამარცხა. აღანიშნავი იყო ასევე ირი პროჰასკას საოცრად ეფექტური გამარჯვება დომინიკ რეისის წინააღმდეგ – 29 წლის ჩეხმა რეიესი იდაყვით გათიშა.

მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს UFC 262-ზე ჩარლზ ოლივეირა და მაიკლ ჩენდლერი დაუპირისპირდნენ. ორ რაუნდიანი ომის შემდეგ, სადაც ოლივეირა კინაღამ დამარცხდა, საბოლოოდ მისივე გამარჯვებით დასრულდა – ბრაზილიელმა ჩენდლერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულსაც დაესაკუთრა.

ზაფხულის ყველაზე ცხელი ივენთი UFC 264 გახლდათ, სადაც კონორი და პორიე ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ივენთი 2021 წელს ყვეალაზე გაყიდვადი იყო – 1.800.000 გაყიდული ტრანსლაციით. კონორისა და დასტინის ამ დაპირისპირებაში კონორმა მეორე რაუნდის მიწურულს ფეხი მოიტეხა, ბრძოლა ექიმის გადაწყვეტილებით შეჩერდა – გამარჯვება კვლავ პორიეს დარჩა.
აღნიშნულ ივენთზე იბრძოლა ილია თოფურიამაც, რომელმაც რაიან ჰოლი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

UFC-ს ზაფხული პირველი ქართული მეინ ივენთით დასრულდა. გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა დაძაბულ ბრძოლაში, მესამე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს გიგასთვის ზედიზედ მე-7 გამარჯვება და საოცრად დიდი განაცხადი იყო საჩემპიონო ქამრისკენ სვლისთვის.

UFC 266-ზე ვიხილეთ საოცრება მერაბ დვალიშვილის შესრულებით. მარლონ მორაესთან დაპირისპირებაში, ქართველმა მებრძოლმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქამბექში შემოგვთავაზა, ქამბექი რომელიც წლის ნომინაციებშიცაა წარდგენილი. ასევე ვიხილეთ ნიკ დიაზისა და რობი ლოუერის რემატჩი არც მეტი, არც ნაკლები – 17 წლის შემდეგ. მართალია, ისეთი შთამბეჭდავები ვეღარ იყვნენ ვეტერანი მებრძოლები, როგორიც ახალგაზრდობაში, თუმცა საკმაოდ ბევრი მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენეს ერთმანეთს. გამარჯვება რობი ლოუერმა მოიპოვა, ნიკ დიაზმა ფეხის ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მთავარ ბრძოლაში კი 5 რაუნდიანი უკომპრომისო ომი ვიხილეთ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას შორის. მიუხედავად ორტეგას თავდადებული ბრძოლისას, ვოლკანოვსკი უკეთესი იყო და გამარჯვებაც მას დარჩა.

ზედიზედ ორი საოცარი ივენთი ვიხილეთ 1 კვირის შუალედში UFC 267 და UFC 268-ის სახით. UFC 267-ზე ოქტაგონს ხამზატ ჩიმაევი დაუბრუნდა და ლი ჩვეულ სტილში, აბსოლიტური დომინაციით დაამარცხა. კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქამარს ისლამ მახაჩევიც, რომელმაც დენ ჰუკერი კიმურათი დაამარცხა. დროებით ჩემპიონის ქამარი მოიპოვა პიოტრ იანმა – 5 რაუნდიან ბრძოლაში მან კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ხოლო მთავარ ბრძოლა ისტორიული შედეგით დასრულდა – გლოვერ ტეიშეირამ იან ბლაჰოვიჩი მახჩობელა ილეთი დაამარცხა და გახდა ყველაზე ხანდაზმული მებრძოლი, რომელმაც UFC-ს ოქროს ქამარი მოირგო. ბრაზილიელმა ჩემპიონის ტიტული 42 წლის ასაკში მოიპოვა.

UFC 268-ზე ორი საჩემპიონო რემატჩი შედგა და ჩენდლერი-გეიჯის სუპერ ბრძოლა ვიხილეთ. ამერიკულ ჯახში გამარჯვება ჯასტინ გეიჯის დარჩა, თუმცა მაიკლ ჩენდლერის პერფორმანსი და გამძლეობა ნამდვილად ქების ღირსია. რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლებს, ორივე რემატჩი იგივე შედეგით დასრულდა, რაც პირველი – ნამაიუნასმა ვეილი კვლავ დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ კოლბიმ კვლავ დიდი წიანაღმდეგობა გაუწია ქვესაშუალო წონის მოქმედ ჩემპიონს, უსმანმა კვლავ დაიცვა ქამარი.

2021 წლის მიწურულს, ბოლო PPV ივენთიც საოცრად საინტერესო გამოდგა. ამანდა ნუნეშისა და ჟულიანა პენიას სატიტულო ბრძოლა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციით დასრულდა – ნუნეში 7 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა – ბრაზილიელის ჰეგემონია პენიამ მეორე რაუნდის მახჩობელა ილეთით დაასრულა და სუპერმსუბუქი წონის ქამარსაც დაეუფლა. რაც შეეხება მთავარ ორთაბრძოლას, ჩარლზ ოლივეირამ მოახერხა პორიეს დამარცხება და მსუბუქი წონის ქამრის შენარჩუნება. მართალია პორიემ წლის მანძილზე კონორთან ორი დიდი ბრძოლა მოიგო და მილიონები გამოიმუშავა, თუმცა მისი ოცნება – სრულფასოვანი საჩემპიონო ქამრის მოპოვება ოცნებად დარჩა.

Leave a comment

Your email address will not be published.