US OPEN-ზე სენსაციები გრძელდება

წლევანდელი US OPEN-ის ქალთა ბადეში სენსაციები გრძელდება. ფავორიტები ერთმანეთის მიყოლებით ეთიშებიან ასპარეზობას.

ტურნირის მესამე წრეში ასპარეზობას გამოეთიშნენ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ეშლი ბარტი და მესამე ნომრად განთესილი იაპონელი ნაომი ოსაკა.

1/8 ფინალში დაასრულეს US OPEN-ზე გამოსვლა სიმონა ჰალეპმა, ელის მერტენსმა და ანგელიკ კერბერმა.

ქალთა ჩოგბურთში თაობათა ცვლის პროცესი დაწყებულია – მიმდინარე სეზონში არაერთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი გამოჩნდა, რომელსაც ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეუძლია ფავორიტების დამარცხება.

18 წლის ლეილა ფერნანდესი კანადელია, რომელიც ბწრყინვალედ ასპარეზობს ამერიკის ღია პირველობაზე. მესამე წრეში მან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ეშლი ბარტი დაამარცხა 5:7 7:6 6:4, დღეს გამთენიისას კი დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული ანგელიკ კერბერიც გამოთიშა ასპარეზობას 4:6 7:6 6:2 და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

19 წლის კანადელი ჩოგბურთელი ამჟამად 73-ე ჩოგანია მსოფლიო რეიტინგში, თუმცა US OPEN-ზე ნაჩვენები შედეგის ფონზე უკვე გაინაღდა ტოპ 50-ში შესვლა.

ლეილა 1/4 ფინალში უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 1/8 ფინალში საკმაოდ იოლად 6:3 6:3 სძლია სიმონა ჰალეპს.

სვიტოლინა და ფერნანდესი WTA TOUR-ზე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ – შარშან, მონტერეის 1/4 ფინალში ელინამ 6:4 7:5 იმარჯვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *